პროექტი „ფაგოთერაპია, ანტიმიკრობული რეზისტენტობა და იმუნიტეტი“
განათლების საერთაშორისო ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა საინფორმაციო-პრაქტიკული პროექტი „ფაგოთერაპია, ანტიმიკრობული რეზისტენტობა და იმუნიტეტი“, რომლის მიზანი იყო ამ მიმართულებების პოპულარიზაცია და პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა სხვადასხვა რეგიონში მდებარე სამედიცინო დაწესებულებების სპეციალისტებთან.
პროექტს ხელმძღვანელობას უწევდა ელიავას ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიის და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი - ბესარიონ ლასარეიშვილი.
პროექტის ფარგლებში 2025 წლის თებერვლიდან მაისამდე მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა სამი დიდი რეგიონული სკოლა-კონფერენცია:
21–23 თებერვალი – ქუთაისი, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
14–15 მარტი – თელავი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
25–27 აპრილი – ბათუმი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ღონისძიებებს ესწრებოდნენ პრაქტიკოსი ექიმები, ლექტორები, რეზიდენტები. თითოეულ ღონისძიებას დაესწრო 40-დან 66-მდე მონაწილე. ღონისძიებები აქტიურად გაშუქდა ადგილობრივი ტელევიზიების მიერ.
შეხვედრების დასაწყისში მონაწილეებს სიტყვით მიმართეს განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორმა, ნუნუკა მიცკევიჩმა და მასპინძელი უნივერსიტეტების ხელმძღვანელებმა.
რეგიონული ღონისძიებების პარალელურად, ორ საათიანი სამუშაო შეხვედრები გაიმართა თბილისის წამყვანი სამედიცინო დაწესებულებების — ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკისა და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმებთან.
პროექტის ფინალური ღონისძიება გაიმართა საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონგრესზე, სადაც ფაგოთერაპიისა და ანტიმიკრობული რეზისტენტობის თემატიკას მიეძღვნა ორი სპეციალური სიმპოზიუმი.
წარმოდგენილი საერთაშორისო სკოლა მიეძღვნა პროფ. გიორგი ელიავას ხსოვნას და მიზნად ისახავდა ანტიმიკრობული რეზისტენტობის წინააღმდეგ ბრძოლის და ფაგოთერაპიის შესახებ ცნობადობის ამაღლებას.
ღონისძიება გახსნა ელიავას სახელობის ინსტიტუტის დირექტორმა მზია ქუთათელაძემ, რომელმაც აუდიტორიას გააცნო პროფესორ გიორგი ელიავას განვლილი გზა, სამეცნიერო მემკვიდრეობა და ინსტიტუტის განვითარების ისტორია.
საერთაშორისო სიმპოზიუმებში მონაწილეობდნენ მოწვეული უცხოელი მეცნიერები:
პროფ. ჯონათან ჰარდი – მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პროფ. არტიომ როგოვსკი – მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დრ. სოფი კიტლერი – ჰანოვერის სავეტერინარო მედიცინის უნივერსიტეტი, სურსათის უვნებლობის და ჰიგიენის ინსტიტუტი, დრ. კრისტი პრააკლე – ესტონეთი სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტი.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოწყობილ ყველა ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ და მოხსენებები წარადგინეს, ელიავას სახელობის ინსტიტუტის დირექტორმა, მზია ქუთათელაძემ , ინსტიტუტის მიკრობული ეკოლოგიის ლაბორატორიის გამგემ, მარინა თედიაშვილმა, ინსტიტუტის მთავარ მეცნიერ-თანამშრომელმა ბესარიონ ლასარეიშვილმა, ასევე ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრის ექიმებმა დეა ნიჟარაძემ და ლია ნადარეიშვილმა. აგრეთვე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ექსპერტებმა - დავით წერეთელმა და გიორგი ჩახუნაშვილმა.